იზრდება თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და რა გავლენას ახდენს ხარისხზე ექსპორტი

31 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

იზრდება თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და რა გავლენას ახდენს ხარისხზე ექსპორტი

იზრდება თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და რა გავლენას ახდენს ხარისხზე ექსპორტი

თუკი თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2015-2017 წლების მოსავლის ქართული ღვინოები ხარისხითაც და ენოლოგიური ღირსებებითაც ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მაგალითად, 2009-2011 წლების მოსავლის ღვინოები. გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ცალკე თემაა. ჩვენ ვსაუბრობთ ტენდენციაზე, რაც ბოლო პერიოდში ზოგადად ქართული ღვინის ხარისხის ზრდას უკავშირდება.

ღვინის გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, ქართული ღვინის დიდი კომპანიები იძულებულები გახდნენ, მოეხდინათ საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება, დაენერგათ ხარისხის მართვისა თუ წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, მოეწვიათ ენოლოგები ევროპიდან   და დაეწყოთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. შესაბამისად, თავის დროზე რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი იაფფასიანი, ფალსიფიცირებული და ე. წ. ჩვეულებრივი ნახევრადტკბილი ღვინოების ნაცვლად გამოჩნდა ახალი სტილის, ჯანსაღი და ხარისხიანი ღვინოები.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წლამდე ამ ღვინოების უმეტესობას მეტწილად ერთმანეთის მსგავსი, სტანდარტული გემო ჰქონდა,  თითქოს ყველა ერთმა დანადგარმა ჩამოასხაო. 2012-2013 წლებიდან კი ბაზარზე გამოჩნდა ინდივიდუალური ღირსებების მქონე ქართული ღვინოები, რომელთა ხასიათშიც უკვე არა მანქანა-დანადგარების, არამედ მეღვინეების ხელწერა ჩანს. ჩვენ ამჯერად მხოლოდ დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ ღვინოებზე ვსაუბრობთ. მცირე მარნის ექსკლუზიური (ძირითადად ქვევრის) ღვინოების ხარისხი სულ სხვა განსჯის თემაა.

ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეები ღვინის ფესტივალებზე ჩვენთან საუბარში ხშირად შიშებს გამოთქვამენ იმასთნ დაკავშირებით, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის იმპორტი კატასტროფულად გაიზარდა და ეს ქართული ღვინის იმიჯს საბოლოო ჯამში დაზიანებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

მონაცემებით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233220), იაპონია - 230% (53160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37740), საფრანგეთი - 71% (24248), ყაზახეთი - 85% (877494), ჩეხეთი - 68%(18888), ლატვია - 61% (412626), ნიდერლანდები - 46% (21993), გერმანია - 38% (136222), უკრაინა - 36%(1771928), პოლონეთი - 32% (740922), ესტონეთი - 28% (120246), რუსეთი - 28% (11511830), ისრაელი - 24% (52722, აშშ - 3% (68620), და სხვა.ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11511830), უკრაინა (1771928), ჩინეთი (1117138), ყაზახეთი (877494) და პოლონეთი (740922).

ნატურალური, ე.წ. ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინეები იმასაც ამბობენ, რომ დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ მასობრივ ღვინოს არ გააჩნია საკუთარი ხელწერა და ხასიათი, რაც ზოგადად ქართულ ღვინოს უნდა ქონდეს და ღვინის უცხოელ  მომხმარებელს ამის გამო მცდარი წამოდგენა ექმნება ქართულ ღვინოზე.

ალბათ ღვინის ყველა მოყვარული აღიარებს, რომ ინდივიდუალური ღირსებებით განსაკუთრებით სწორედ მცირე და საშუალო მარნების ღვინოები გამოირჩევა. თუმცა, ზოგიერთი ღვინის ექსპერტის აზრით, იგივე ტენდენცია შესამჩნევია მსხვილი კომპანიების საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებშიც, რაც ცხადია, კარგია და მისასალმებელია.

რა არის ბუნებრივი ღვინო და რით განსხვავდება კონვენციური ღვინისგან? ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ამ სიტყვას ოფიციალურად ასე განმარტავს: ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მევენახე-მეღვინე ვენახს აშენებს და უვლის ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა; მევენახე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს (სელექციური საფუვრები, გამწებავი საშუალებები, ენზიმები, არომატიზატორები, კონსერვანტები და ა.შ.), რომლებმაც შეიძლება, თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას; მევენახე-მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას.

ლევან სეფისკვერაძე

პოპულარული ღვინოები

19.5
რქაწითელი ქვევრი საკოლექციო

რქაწითელი ქვევრი საკოლექციო

20.11
კონდოლის მწვანე ქისი

კონდოლის მწვანე ქისი

17
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

16.9
საფერავი კლასიკი

საფერავი კლასიკი

წითელი მშრალი

4
თელური ევროპული

თელური ევროპული

თეთრი მშრალი