მარანი "ღვინო ქართლისა" - ფრონეს ხეობაში ქართლის მეღვინეობის ძველი ტრადიციები ბრუნდება

27 ივნისი, 2018წ

გაზიარება

მარანი "ღვინო ქართლისა" - ფრონეს ხეობაში ქართლის მეღვინეობის ძველი ტრადიციები ბრუნდება

მარანი "ღვინო ქართლისა" - ფრონეს ხეობაში ქართლის მეღვინეობის ძველი ტრადიციები ბრუნდება

დასავლეთ ფრონეს ხეობა, რომელიც ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება, მეღვინეობის კუთხით ძველ დროში ყოველთვის საინტერესო იყო. თუმცა, საბჭთა ეპოქის დროს, ამ ტერიტორიებზე ძირითადად ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჯიშის ვენახები გაშენდა და ხეობის პოტენციალიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ფრონეს ხეობაშიც დაიწყეს ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენება და ამ აღორძინების ერთ-ერთი ხელისშემწყობია, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში არსებული საოჯახო მცირე მარანი "ღვინო ქართლისა", რომელიც ღვინოს ბოთლირებული სახით ჯერ არ აწარმობს, თუმცა უახლოეს პერსპექტივაში ამ მარნის ღვინის დაგემოვნების საშუალება ღვინის მოყვარულებს ბოთლირებული სახითაც შეეძლებათ.

მარანი “ღვინო ქართლისა“ ძირითად საღვინე ჭურჭად ტრადიციულ ქართულ ქვევრებს იყენებს და ღვ უნოსაც ძველი წესით აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ვენახებიდან დაახლოებით 200-300 მეტრში რუსული ჯარია განლაგებული, ჭვრინისელები ამას არ შეუშინებია და თავიანთ საქმეს დიდი მონდომებითა და ქართლური სიჯიუტით აგრძელებენ. მარან “ღვინო ქართლისას“ მფლობელი, დავით ხარაზიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  მევენახეობას დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება, მაგრამ როდესაც შრომითა და ოფლით მოყვანილ, დაკრეფილ, დაწურულ და დავარგებულ ღვინოს ადამიანი აგემოვნებს, სწორედ მაშინაა ის ყველაზე ბედნიერი.

დავით ხარაზიშვილი, მარან "ღვინო ქართლისას" მფლობელი: მევენახეობა მამაჩემმა 1996 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, საწყისისათვის მან რამოდენიმე ასეული ძირი დირბულას ჯიშის ვაზი ჩაყარა, რომელიც ეტაპობრივად 2500-3000 ძირამდე გაზარდა. იმ დროისათვის სიტყვა "ჰიბრიდული" ჯერ არ იყო ცნობილი. ვინაიდან ქართლში ეს ჯიში იყო გავრცელებული და მიაჩნდათ, რომ მისგან საუკეთესო ღვინო დგებოდა, მამამაც სწორად მისი მოშენება გადაწყვიტა.

მე პირადად დღესაც მიმაჩნია, რომ დირბულა საუკეთესო ღვინოს იძლევა, მაგრამ მეღვინეობა-მევენახეობის ამჟამინდელ კანონს ვერ გავექცევით, ვერც მამის ნაშრომს შეველეოდით, ამიტომაც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული ვენახი არ გაგვეჩეხა და შემდგომში ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოებისათვის გამოგვეყენებინა. ვფიქრობ ახლო მომავალში ამ გეგმასაც განვახორციელებთ.

რაც შეეხება ღვინის ბოთლში ჩამოსხმას, ჩვენი კომპანია დაარსდა 2017 წელს, ვინაიდან ჯერ საკუთარი მოსავალი არ გვქონდა (ვაზი ახალი გაშენებული იყო), გადავწყვიტეთ ნაცნობების დახმარებით კარგი ხარისხის ყურძენი შეგვეძინა, დაგვეყენებინა ღვინო ქვევრებში და ამ ეტაპისათვის ჩამოსასხმელი ღვინით გვემუშავა, ხოლო შემდგომში ჩვენი მოსავლით მიღებული ღვინო ჩამოგვესხა ბოთლში (ჩვენი ვენახი სავარაუდოდ მომავალ წელს მოგვცემს პირველ მოსავალს, თან სრულად ორგანულ მევენახეობას ვეწევით).

- როგორც ვიცით მთელი ოჯახი ჩართული ხართ მეღვინეობაში?

- დიახ მთელი ჩვენი ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაშიც. გვყავს ორი შვილი: ბიჭი, რომელიც მომავალ წელს აბიტურიენტი იქნება და სავარაუდოდ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარებს და გოგო, რომელიც ჯერ 11 წლისაა.

ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვინაწილებთ საქმეებს ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ვინაიდან გვიწევს ქალაქიდან სოფელში სიარული ყოველ შაბათ-კვირას. მაგალითისათვის გეტყვით: ვენახების ჩათიბვა ჩემმა ვაჟმა ითავა, მეუღლე შეფურჩქვნით არის დაკავებული, გასხვლასა და სხვა დანარჩენ საქმეებს კი მე ვასრულებ.

რთული შაბათ-კვირის შემდეგ იწყება ქალაქური ცხოვრება და მეღვინეობა, სადაც ანალოგიურად მევენახეობისა ყველას თავთავისი საქმე გვაბარია, მეღვინეობაში უკვე გოგოც ერთვება და გადაღების შემდგომ ჭურის დახურვაში გვეხმარება და აყალოს გვიზილავს თავისი პატარა ხელებით.

- რამდენი ქვევრი გაქვთ და თუ გეგმავთ მარნის გაფართოებას?

- საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას, ხომ უძველესი დროიდან მისდევენ, ასევე იყო ჩემი დიდი პაპის ოჯახიც, რომელიც საჩხერიდან მიწის უკმარისობის გამო გადმოვიდა ფრონის ხეობაში და დააარსა ჩვენი სოფელი. იგი ქართული ტრადიციების მიმდევარი იყო, რაც დასტურდება იმით, რომ სახლის აშენებისთანავე მოაწყო მარანი, ჩაყარა ქვევრები, ტყეში თავისივე ხელით გამოთლილი ცაცხვის 5 მეტრიანი საწნახელი ურმებით ჩამოიტანა და მასში წურავდა ღვინოს. ეს წინაპრისეული საწნახელი, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქურ მარანს ამშვენებს იყო საწინდარი ჩვენთვის ქვევრის ღვინის დაყენებისა. გვსურდა წინაპრების მიერ შემონახული ადათ-წესები გაგვეგრძელებინა.

ჩვენს მარანში ამჟამად 220 ლიტრიანი 15 ქვევრი და 110 ლიტრიანი 3 ქვევრია, უხეშად, რომ ვთქვათ 4 ტონის ჭურჭელია, რაც ამ ეტაპისათვის სავსებით საკმარისია ჩვენთვის.

- იქნებ უფრო ვრცლად გვიამბოთ თქვენს ღვინოზე?

- 2017 წელს ჩვენ დავაყენეთ რქაწითელის და ჩინებულის ღვინოები. რქაწითელში შევურიეთ დაახლოებით 7-10% მანავის მწვანე და ასევე ჩინებულში შევურიეთ 7-10 პროცენტი გორული მწვანე. ერთ ქვევრში საცდელად დავაყენეთ ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო და თავკვერის ნაზავი, შედეგით კმაყოფილები დავრჩით, რადგან მივიღეთ საოცრად მრავალმხრივ არომატული, ღია წითელი ფერის მშრალი ღვინო.

- ნატურალურ ღვინოს აყენებთ?

- რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ნატურალური ღვინო ახალი ტენდეციაა საქართველოში და რაც მთავარია კარგი ტენდეციაა, ვინაიდან მეღვინე არ ერევა უხეშად ღვინის დაყენებაში. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ღვინო ყოველთვის უფრო მაღალ დონეზე და უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე მასობრივი წარმოების ღვინო.

- რას გვეტყვით ქართულ ქვევრზე?

- რაც შეეხება ქვევრს მიმაჩნია, რომ მასში ღვინის რვაათასწლოვანი კულტურა არის ქართული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი. მასში დაყენებულ ღვინოს გამორჩეული გემო და არომატი აქვს. ძალიან ბევრი უცხოელი აღფრთოვანებული რჩება ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიითა და ჩვენი ტრადიციებით. ამ ყველაფერს შენარჩუნება, მოფრთხლება და განვითარება სჭირდება.

- თქვენი აზრით გაიზარდა თუ არა ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში და რატომ?

- რა თქმა უნდა უდაოდ გაზრდილია ქართული ღვინის ხარისხი, როგორც მეღვინეებში, ისე ოჯახებშიც სადაც უბრალოდ თავისათვის აყენებენ ღვინოს. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმ ტენდეციებით, რაც დღეს საქართველოს ღვინის ბაზარზეა, გაიზარდა ცნობადობაც, მოთხოვნაც, რამაც რაღაცნაირად წარმოქმნა კონკურენცია, მეღვინეები უკვე რაოდენობაში კი აღარ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ხარისხში.

- თქვენი სოფელი ჭვრინისი კონფლიქტის ზონაში მდებარეობს?

- ჩვენი სოფელი მდებარეობს შიდა ქართლში, ულამაზეს ფრონის ხეობაში. ეს გახლავთ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭვრინისი, რომელიც სულ 40-45 კომლისაგან შედგება, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. ჩვენი სოფლიდან 200-300 მეტრში განლაგებულია რუსული ჯარი, რაც თავისთავად დისკომფორტს გვიქმნის იქაურ მოსახლეობას, მაგრამ არა დაბრკოლებას.

სოფელში ტრადიციულად ყველა ოჯახი მისდევს მევენახეობას, ძირითადად მაინც დირბულა ჭარბობს, მაგრამ გაშენებულია ძალიან ბევრი ტიპის ვაზი, როგორიცაა: გორული მწვანე, ჩინებული, ცოლიკოური, ციცქა, რქაწითელი, რკო და სხვა, ზოგიერთი მათგანი 80-100 წლისაცაა.

ამჟამად ჩვენი ოჯახის კუთვნილებეშია ორი ნაკვეთი, ერთი განლაგებულია ფერდობზე, სადაც გაშენებული გვაქვს დირბულას დაახლოებით 2500-3000 და ჩინებულის 500 ძირი ვაზი. რამოდენიმე წლის მანძილზე ვცდილობდით ეს რაოდენობა გაგვეზარდა და ჩავყარეთ გორული მწვანე და თავკვერი, სამწუხაროდ გვალვებისა და სარწყავი სისტემის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა ახალი ვაზის გახარება.

მეორე ნაკვეთი ეზოზეა მიბმული, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალი ვაზი ტალავერზე გაგვეშენებინა, მამაჩემმა, რომელიც ამჟამად უკვე 83 წლისაა, აქტიურად დაიწყო ამ საქმეზე მუშაობა და 2017 წელს ავაშენეთ ტალავერი, რომლის ფართობმა 350 კვ/მ შეადგინა და მას 75 ძირი გორული მწვანე ემსახურება, ამ მომენტში შენდება მეორე ტალავერიც, რომლის ფართობი დამატებით 350 კვ/მ-ია და მასაც 89 ძირი გორული მწვანე მოემსახურება.

მომავალ წელს სავარაუდოდ კიდევ 200 კვ/მ ტალავერს ავაშენებთ, სადაც გაშენდება ალადასტური და თავკვერი. გვაქვს სურვილი მოვიძიოთ და გავაშენოთ უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ქართლის ვაზის ჯიშები.

- რა იქნება თქვენი რჩევები ახალბედა, დამწყები მეღვინეებისთის?

- ერთადერთი რჩევა, რაც მე შემიძლია მივცე ახალბედა მეღვინეებს ისაა, რომ მეღვინეობა იწყება მევენახეობით, მევენახეობას დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება. როდესაც თქვენი შრომითა და ოფლით მოყვანილ, დაკრეფილ, დაწურულ და დავარგებულ ღვინოს დააგემოვნებთ, იგრძნობთ იმ ჯაფის შედეგს, იქნებით ამაყნი და ბედნიერნი. ყველა მეღვინეს გისურვებთ წარმატებასა და წინსვლას.

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: გაიცანით მცირე მარანი "შატო ხაშმი", რომელიც ლეგენდარულ სოფელ "ხაშმში" მდებარეობს

პოპულარული ღვინოები

31.49
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

13.97
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

0.01
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

20.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი