საოჯახო მარნები და ღვინის დიდი ქარხნები დასავლეთ საქართველოში

26 ივნისი, 2018წ

გაზიარება

საოჯახო მარნები და ღვინის დიდი ქარხნები დასავლეთ საქართველოში

საოჯახო მარნები და ღვინის დიდი ქარხნები დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში საოჯახო მეურნეობებს ძირითადად აქვს 200-დან 1000-მდე ძირი ვაზი, საიდანაც მიღებული მოსავლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% გადამუშავდება საოჯახო მეურნეობაში, ხოლო დანარჩენი ყურძნის სახით იყიდება. თუმცა, მაღალფასიანი ჯიშის ყურძენი როგორიცაა მაგალითად ალექსანდროული და მუჯურეთული თითქმის სრულად შეისყიდება ღვინის ქარხნების მიერ, ხოლო შედარებით დაბალფასიანი ჯიშის ყურძენი მაგალითად ციცქა, ცოლიკაური და ა.შ. ძირითადად შეისყიდება კერძო პირების მიერ, რომლებიც საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ ღვინოს. კერძო პირებზე ყურძნის რეალიზაცია ხდება პირადი კონტაქტების და ურთიერთობის მეშვეობით და მას ძირითადად ყიდულობენ უახლოესი ქალაქების მცხოვრებლები უშუალოდ მწარმოებლებთან.

როგორც რეალობა გვაჩვენებს, დასავლეთ საქართველოში ყურძნის მწარმოებელთა მიერ დაყენებული ღვინის დაახლოებით 50% გამოიყენება საოჯახო მოხმარებისათვის, ხოლო დანარჩენი სარეალიზაციოდ, რაც ასევე ხორციელდება პირადი ნაცნობობის საშუალებით. ამასთან, მხოლოდ რამდენიმე ათეული საოჯახო მეურნეობაა, რომლებიც ახდენენ წარმოებული ღვინის ჩამოსხმას ბოთლებში (750 მლ) და ეტიკეტირებას, ისიც პრიმიტიული ტექნოლოგიების გამოყენებით. საოჯახო მეურნეობების უდიდესი ნაწილი კი არ ახდენს მის დაფასოებას და საშუალო მოცულობის პარტიებად (100-300 ლიტრი) ყიდის მას უშუალო მომხმარებლებზე საკუთარი მეურნეობებიდან.

განსხვავებული სიტუაცია არის ღვინის ქარხნების შემთხვევაში. მათ უმეტესობას აქვს საკმაოდ კარგად გამართული ავტომატიზირებული საწარმოო ხაზი, რომელიც ხარისხიანი ყურძნის მიწოდების შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას წარმოებული იქნას საექსპორტო ღვინო. მსხვილ ღვინის ქარხნებს, როგორც წესი აქვთ საკუთარი საფირმო მაღაზიები, რომლებშიც ასევე არის შესაძლებელი ღვინის დაგემოვნება. ისინი წარმოებული ღვინის დაფასოებას თავადვე ახდენენ სხვადასხვა ზომის ჭურჭელში. კერძოდ, გავრცელებულია მინისა და პოლიეთილენის ტარა. მინის ტარაში როგორც წესი ისხმება ძვირად ღირებული ღვინო და მისი დიდი ნაწილი განკუთვნილია საექსპორტოდ, ხოლო შედარებით დაბალ ფასიანი ღვინო ისხმება პოლიეთილენის 3, 5 და 10 ლიტრიან ჭურჭელში და ძირითადად გათვალისწინებულია ადგილობრივი ბაზრისათვის. ასეთი ტიპის შეფუთვა ითვლება უფრო ეკონომიურად და შესაბამისად მისი ფასიც ნაკლებია. თუმცა, ღვინის ადგილობრივი მოყვარულები ამ ღვინოს ნაკლებად მოიხმარენ და ძირითადად უპირატესობას საოჯახო პირობებში წარმოებულს ანიჭებენ.

დასავლეთ საქართველოში ყურძნისა და ღვინის ფასები ძალიან დივერსიფიცირებულია, როგორც სეზონების მიხედვით, ასევე ყურძნის ჯიშის მიხედვით. ამასთან, დიდია სხვაობა საოჯახო მეურნეობაში და ღვინის ქარხანაში მიღებული ერთიდაიგივე დასახელების ღვინის ფასშიც. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ფასებზე ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს კონკრეტული წლის მოსავლიანობა, რომელსაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ წლის ამინდები.

საოჯახო პირობებში წარმოებული ჩამოსასხმელი ღვინის სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად იცვლება წლის განმავლობაში, კერძოდ ის აგვისტო-სექტემბერში 50- 70%-ით უფრო მაღალია, ვიდრე იმავე ღვინის ფასი დეკემბერ-იანვარში. შემოდგომით ბაზარზე იგრძნობა პროდუქციის სიჭარბე, ხოლო აგვისტოში მარაგების შემცირების შედეგად ხდება ფასის ზრდა.

საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის ფასები სახეობების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია. ყველაზე ძვირადღირებულია უსახელოური და ხვანჭკარა.  ღვინის ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზე სეზონურობა არ ზემოქმედებს და ის ოჯახური მეურნეობის ღვინის ფასებზე გაცილებით მაღალია. ამასთან, ქარხნების მიერ წარმოებული ღვინოები არის ჩამოსხმული მინის ტარაში, გააჩნია საბრენდო დასახელება და სათანადო ეტიკეტირება. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საწარმოების პროდუქციის უმეტესი ნაწილი საექსპორტოდ მზადდება.

იხილეთ ასევე: მეღვინეობა დასავლეთ საქართველოში - მიკროზონები და უნიკალური ჯიშები