ცოტა რამ გორული მწვანეს შესახებ - რატომ მიიჩნევა ეს ჯიში საუკეთესოდ და გამორჩეულად

10 იანვარი, 2017წ

გაზიარება

ცოტა რამ გორული მწვანეს შესახებ - რატომ მიიჩნევა ეს ჯიში საუკეთესოდ და გამორჩეულად

ცოტა რამ გორული მწვანეს შესახებ - რატომ მიიჩნევა ეს ჯიში საუკეთესოდ და გამორჩეულად

ქართული ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის, გორული მწვანე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ჯიშია. როგორც ჯიშის სახელწოდებიდანაც ჩანს, გორული მწვანე ძირითადად ქართლში, უმეტესად კი გორის რაიონშია გავრცელებული. თუმცა, ეს ვაზი რაჭაში, მესხეთში, იმერეთსა  და ქვემო ქართლშიც გვხვდება. „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ (ავტორები: მ.რამიშვილი, დ.ტაბიძე, ნ.კეცხოველი) ვკითხულობთ, რომ გორულ მწვანეს ქართლში დამატებითი სახელწოდებებიც ჰქონია: თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე, ლურჯი მწვანე, სურამულა და სხვა...

გორულ მწვანეს ქართლის დასავლეთ სოფლებსა  (ბორჯომისა და ხაშურის რაიონი) და ზემო იმერეთში „ქვიშხურასაც“ ეძახიან. ამპელოგრაფები მიიჩნევენ, რომ ჯიში იმერეთში ბორჯომის რაიონიდან, კერძოდ კი სოფელ ქვიშხეთდან გავრცელდა. გორული მწვანე მცირე რაოდენობით ასევე გვხვდება რაჭაში, სადაც ამ ჯიშს „თბილურად“ მოიხსენიებენ. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილი, გორულ მწვანეს ქართლის ნომერ პირველ ჯიშად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ამ ჯიშიდან მაღალხარისხიანი ღვინო დგებოდა.

გორულ მწვანეს ქართული ცქრიალა ღვინის წარმოებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, როგორც საკუპაჟე (კუპაჟური ღვინო ეწოდება ყურძნის ორი ჯიშის შერევით  მიღებულ ღვინოს) ღვინო მასალის მომცემ ჯიშს. გორული მწვანისა და ჩინურის კუპაჟი ცქრიალა ღვინისათვის გაცილებით უფრო მაჟალმჟავიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ჯიშებიდან ცალკ-ცალკე დაყენებული ცქრიალა ღვინო.

გორული მწვანე მხოლოდ საღვინე  ჯიშია და სუფრის ყურძნად იგი ვერ გამოდგება. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჯიშს სქელი უხეში კანი და მომწკლარტო გემო ახასიათებს. გარდა ამისა, გორული მწვანე საზამთროდაც ვერ ინახება და მალფუჭებად ყურძნის ჯიშებს განეკუთვნება. გორული მწვანეს რამდენიმე ვარიაცია არსებობს. მათგან გამორჩეულია ე.წ. მუხა მწვანე. როგორც ამპელოგრაფი ნ. ჩახნაშვილი მიიჩნევდა, ეს ვარიაცია გორულ მწვანესთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასიათდება, ისხამს უფრო პატარა მტევნებს და მარცვლებიც წვრილი აქვს. ამიტომ, ეს ვარიაცია არ უნდა ჩაითვალოს პერსპექტიულად.

საბჭოთა კავშირის პერიოდში და უფრო ადრეც, გორული მწვანე წარმოებისა და რაოდენობის მიხედვით, ქართული ვაზის ჯიშების ხუთეულში ყოველთვის შედიოდა. ამის შემდეგ, გორული მწვანეს ვენახების ფართობები ქართლშიც კი ძალიან შემცირდა. ამის მიზეზად, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ სიდუხჭირესა და, ზოგადად, ქართული ღვინის ხარისხის დაცემას ასახელებენ, რასაც ჯიშური მრავალფეროვნებისადმი ინტერესის დაკარგვაც მოჰყვა. ამპელოგრაფებისა და ღვინის სპეციალისტების აზრით, გორული მწვანე არის ქართული ვაზის ისეთი ჯიში, რომლისგანაც ყოველთვის გამორჩეული და მრავალფეროვანი ღვინო დგებოდა.

 

შეიძინეთ გორული მწვანე allwine.ge-ზე

პოპულარული ღვინოები

93.45
ალავერდის ტრადიცია

ალავერდის ტრადიცია

79.9
Tamnavulin Double Cask Speyside Single Malt + GB 0,7L

Tamnavulin Double Cask Speyside Single Malt + GB 0,7L

12.95
კლასიკური ნახევრადმშრალი

კლასიკური ნახევრადმშრალი