რა უნდა ვიცოდეთ ვენახის გაშენებისას - რჩევები დამწყებ მევენახეებს

21 მაისი, 2018წ

გაზიარება

რა უნდა ვიცოდეთ ვენახის გაშენებისას - რჩევები დამწყებ მევენახეებს

რა უნდა ვიცოდეთ ვენახის გაშენებისას - რჩევები დამწყებ მევენახეებს

ვენახის გაშენება მეტად რთული და შრომატევადი პროცესია. ამიტომ, ახალბედა მევენახემ კარგად უნდა იცოდეს, თუ სავარაუდოდ რა გამოწვევებს შეეჯახება ამ პროცესში.

პირველ რიგში სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს ჯაგნარისა და ხის ძირკვებისაგან. უნდა გაიკაფოს და ამოიძირკვოს დიდი ხეები, ისე რომ ნიადაგში არ დარჩეს ფესვები, რადგან ისინი ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას. თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად საჭიროა გადარგვამდე ნაკევთის დამუშავება ჰერბიციდებით. თუ ვენახი შენდება ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა.

ნიადაგის მოსწორება ხდება პლანტაჟის წინ, იმ შემთხვევაში თუ სავენახე ფართობზე გვხვდება უსწორმასწორო ადგილები, ორმოები ან ბორცვები, რაც ხელს უშლის ნიადაგის შემდგომ დამუშავებას. საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე ღრმად დამუშავების წინ სრული დოზით უნდა შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები. ნიადაგის პლანტაჟის ანუ ღრმად დამუშავების დროს ხდება ნიადაგის გაფხვიერება, ფენათა გადაადგილებით. დამუშავების სიღრმე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის უდრის 60-70 სმ, ხოლო დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის კი 50-60 სმ-ს.

ნიადაგი გასაშენებლად მომზადებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც იგი გაფხვიერებულია და დამჯდარი. ამის უზრუნველსაყოფად პალნტაჟი უნდა ჩატარდეს ვაზის დარგვამდე 3-5 თვით ადრე. პლანტაჟირებული ფართობი ვაზის დარგვამდე 20-25 დღით ადრე უნდა გადაიხნას გარდიგარდმო 25 სმ სიღრმეზე და დაიფარცხოს. პლანტაჟის დროსვე ახდენენ ორგანული და მინერალური სასუქების ნიადაგში შეტანას. როგორც წესი, ვაზის დარგვის სიხშირე განისაზღვრება მწკრივთა შორის და მწკრივში ვაზებს შორის მანძილით. კვების არე დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, მოვლა-დამუშავების წესებსა და ჯიშის სიძლიერეზე. ნოყიერ და ტენიან ნიადაგებზე ვაზი შედარებით დიდ კვების არეზე უნდა დაირგოს, ღარიბ და მწირ ნიადაგებზე კი ხშირი ნარგაობა იძლევა უკეთეს შედეგს. იქ სადაც შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენება, მწკრივთა შორის სიგანე არ უნდა იყოს 2,1 მ-ზე ნაკლები.

ვაზის დარგვისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ვაზების თანაბარი განლაგება, ძლიერი ქარების მოქმედების შესუსტება, ნიადაგის დამუშავება მექანიზაციის საშუალებით და მორწყვა კრიტიკულ პირობებში. თუ ნაკვეთი დაქანებულია, მაშინ მწკრივები ეწყობა დაქანების გარდიგარდმო ძლიერ ქარიან ადგილებში გაბატონებული ქარების მიმართულების გასაწვრივ. სარწყავ პირობებში გასათვალისწინებელია სარწყავი წყლის მიმართულება.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით. ვაზის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე ადრე გაზაფხულზე. უპირატესობა ეძლევა შემოდგომაზე დარგულ ვაზს. საშემოდგომო დარგვა წარმოებს შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში თბილ დღეებში გაუყინავ ნიადაგზე. გაზაფხულზე ვაზი უნდა დაირგოს არაუგვიანეს 10-15 აპრილისა.

ასევე, ვაზს რგავენ ორმოებში. გასაშენებელ ფართობებზე ორმოს ამოღება ხდება მექანიკური წესით. საერთოდ ვაზის დარგვა უმჯობესია 40-50 სმ სიღმისა და 30 სმ სიგანის ორმოში, რომლის სიღრმე 8-10 სმ-ით უნდა აღემატებოდეს ვაზის ნერგის სიგრძეს. თითოეული ორმოსათვის საჭიროა 5-6 კგ გადამწვარი ნაკელი, რომელსაც ურევენ ფხვიერ მიწაში.

ვენახის გაშენების პირველსა და მეორე წელს ნარგაობის მოვლა ისე უნდა წარიმართოს, რომ ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები რაც შეიძლება კარგად განვითარდეს. აგროტექნიკის მაღალი დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა ვაზის ფორმირების დაჩქარებას, მსხმოიარობის ადრეულ ასაკში დაწყებას და შემდგომში ყურძნის რეგულარული მოსავლის მიღებას. ვენახის გაშენების პირველ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დამუშავებას, კოკოლების გაფხვიერებას, სარეველების წინაამღდეგ ბრძოლას, ვაზის დაცვას სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

იხილეთ ასევე: რატომ არ შეიძლება ვენახის გაშენება საავტომობილო გზის გვერდით - რჩევები მევენახეებს

 

 

 

პოპულარული ღვინოები

20.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

8.9
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი