როგორი იყო მევენახეობა და მეღვინეობა ძველად სამეგრელოში?

08 მაისი, 2018წ

გაზიარება

როგორი იყო მევენახეობა და მეღვინეობა ძველად სამეგრელოში?

როგორი იყო მევენახეობა და მეღვინეობა ძველად სამეგრელოში?

სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულითა და ყოფა-ცხოვრებით ძალიან საინტერესო კუთხეა. მაგრამ ის იქამდე, სანამ დიდმა მეცნიერმა, მკვლევარმა და ეთნოგრაფმა, სერგი მაკალათიამ არ შეისწავლა - არ ყოფილა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული.

როგორც ცნობილია, სერგი მაკალათია სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლას აწარმოებდა 1923 წლიდან, როდესაც საქართველოს მუზეუმის მივლინებით პირველად საშუალება მიეცა მასალები შეეკრიბა დღევანდელ აბაშის რაიონში, ძველ „საჭყონდიდოში“. 1935 წლიდან მოეწყო სამეგრელოს რაიონებში ისტორიული-ეთნოგრაფიული ხასიათის ექსპედიციები. 1935 წელს მუშაობას აწარმოებდა მარტვილსა და ჩხოროწყუს რაიონში; 1936 წელს წალენჯიხაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში; 1938 წელს სენაკის რაიონში, 1939 წელს კი გალისა და ოჩამჩირის რაიონში.

გთავაზობთ ამონარიდებს სერგი მაკალათიას მოპოვებული მასალებიდან, რომლებიც სამეგრელოში მეღვინეობას, მევენახეობას და ზოგადად, ღვინის კულტურას უკავშირდება.

ძველ კოლხეთში საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება. კლასიკური ხანის მწერლები აქებენ კოლხების სტუმართმოყვარეობას და მათი ცნობით, კოლხიდელები დიდ დახმარებას უწევდნენ თურმე ზღვის ღელვისაგან გადარჩენილებს ფულით, სურსათის მიწოდებით, თუ სხვა საშუალებებით. ძველი მწერლების აღწერილობით, კოლხეთის მოსახლეობა ხის სახლებში ცხოვრობდა. სახლები მაღალ ბოძებიანი ყოფილა, კოშკების მსგავსად ნაგები. კოლხები იძულებულნი იყვნენო ასეთ შენობებში ეცხოვრათ, რადგან ხშირად წვიმების გამო დედამიწა იყო სველი და ნესტიანი. მოსახლეობა უმთავრესად იკვებებოდა პურით, ღომით (ღომის ღომი), მოხარშული წაბლით, ხილით და ხორცით. ხმარობდნენ დამარილებულ ზღვის ღორის ქონს. ღვინოსაც სვამდნენო, მაგრამ წყალ-ნარევს. ქსენოფონტეს ცნობით, აქაური ღვინო უწყლოდ ყოფილა მწლაკე, წყლით კი გემოიანი და სურნელოვანი (ალ. ჭყონია, 116, Лат., I, 82).

ქსენოფონტეს მოწმობით, როდესაც ბერძნებმა მოსინიკების ქალაქი აიღეს, მათ სახლებში ბევრი პური იპოვეს. ეს პური სარდაფებში ყოფილა შენახული. ამას გარდა, უნახავთ ახალი პურის ძნებიც და თიხის ქვევრებში დამარილებული ზღვის ღორის ქონი. ბეღლებში ეწყო მრავალი წაბლი, რომელსაც მოსინიკები ხარშავდნენ და პურის მაგივრად ხმარობდნენ. ამასთანავე, ბევრი თაფლიც მოდიოდა.

მევენახეობა - ვაზის კულტურა წინათ სამეგრელოში საკმაოდ იყო განვითარებული და ვაზიც აქაურ პირობებში კარგად ხარობდა.

სამეგრელოში გავრცელებული იყო ვაზის შემდეგი ჯიშები:

1. ჩერგვალი - თეთრი და ტკბილი ყურძენი, მსხვილ მტევნიანი, რომლისაგან დგებოდა საშუალო ღირსების ღვინო;

 2. საკმეველი - თეთრი და საშუალო ზომის მარცვლოვანი, ღვინო კარგი ღირსების;

 3. კრახუნა - თეთრი და მსხვილ-მარცვალა, ღვინო კარგი;

 4. ციცკა - თეთრი და წვრილ-მარცვალა, ღვინო საშუალო;

 5. კაჭიჭი - თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი;

 6. ჭვიტილური - თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი ფერი;

 7. ჩეჭიფეში - თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი?

 8. გრეხი - თეთრი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო კარგი;

 9. ტოროეკუჩხი - თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

 10. თხურთხი - თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

 11. პანეში - მუქი ლურჯი ფერისა, მარცვალი მსხვილი, ღვინო კარგი;

 12. დონდღვაბაია - (პაპასქირი), შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

 13. დღუნდუში - შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო წითელი და კარგი;

 14. ოჯალეში - შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო საუკეთესო;

 15. ჭოტიში - შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და მღებავი;

 16. ცხენიშყურძენი - შავი, მარცვალი მოგრძო და მსხვილი, ღვინო კარგი;

 17. უგვარო - შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და მწლაკე;

 18. ხოჯიშ თოლი - შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

 19. შონური - შავი, მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო საშუალო;

 20. კაბისონი - შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო საუკეთესო;

 21. ხარდანი - შავი და წვრილ-მარცვალა, ღვინო კარგი ღირსების;

 22. ოდესა (იზაბელა) - შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მდარე და სხვა;

ამ ვაზებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ოჯალეში, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, ხარდანი და კაბისონი. ყველაზე უხვ მოსავალს და საუკეთესო ღვინოს იძლეოდა თურმე „ოჯალეში“, რომელიც იყო სქელი, მაგარი და საამო დასალევი ღვინო. ვაზის ეს ჯიშები მაღლარი ყოფილა - „ჯაშ ბინეხი“ და ხეებზე გაბმული. ეს ჯიშები სამეგრელოში ფილოქსერამ უკვე მოსპო, მათი თითო - ოროლა ძირი აქა-იქ თუ არის დარჩენილი. მათ ნაცვლად, დღევანდელ სამეგრელოში გავრცელებულია: ოდესა, კაჭიჭი, ნამყენი, ცოლიკაური, ნოვა, ფრანგულა და საფერავი, მევენახეობას აქ მისდევენ ჩხოროწყუს რაიონის სოფლები, განსაკუთრებით: ახუთი, ფოცხო და უშაფათა.  

***

მეგრული ოდა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ოთახისაგან: დარბაზი, სასადილო და ორიც საშუალო ზომის ოთახი. წინ და უკან ოდა აქვს აივანი. მეგრული ოდა ერთსართულიანია და შემდგარია ბოძებზე, რომელთა სიმაღლე ერთი მეტრამდეა. ხშირია ორსართულიანი ოდებიც, რომლის ქვედა სართულს ეწოდება „პალატი“. ოდის უკან იდგა საოჯახო დანიშნულების შემდეგი ნაგებობანი: „სამუარხე“ (სამზარეულო), რომელშიაც საჭმელს ამზადებდნენ. აქვე იყოს სამზარეულოს ჭურჭელი და დგამი, ენთო კერის ცეცხლი და მოხუცებიც ამ სამზარეულოში წვებოდნენ.

„ბაღ“ და „ხულა“ ორივე ერთი და იგივე დანიშნულებისაა, განსხვავება მხოლოდ მოცულობაში იყო. ბაღ უფრო დიდია, ხულა კი მომცრო. ორივეში ინახებოდა სურსათ-სანოვაგე. მის მახლობლად იდგა მარანი, რომელშიაც საღვინე ქვევრები იყო ჩაფლული. აქვე ინახებოდა საწნახელი და ღვინის დასამზადებელი იარაღები.

იხილეთ ასევე: ჩეჭიფეში - ვაზის იშვიათი ჯიში სამეგრელოდან

პოპულარული ღვინოები

14.3
რქაწითელი მწვანე

რქაწითელი მწვანე

12
დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი