ჟღიას ღვინო ,,კონდოლური"-ს ქვევრიდან

24 აპრილი, 2018წ

გაზიარება

ჟღიას ღვინო ,,კონდოლური"-ს ქვევრიდან

ჟღიას ღვინო ,,კონდოლური"-ს ქვევრიდან

ბოლო წლებში კახეთში, განსაკუთრებით კი თელავის მუნიციპალიტეტში, არაერთი საოჯახო მარანი შეიქმნა, რომლებმაც გააგრძელეს ან/და აღადგინეს წინაპრების ტრადიცია და ძველი, კახური მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოებს სთავაზობენ ღვინოს მოყვარულებს.

ასეთ გამორჩეულ და საინტერესო ღვინოებს გვთავაზობს ახალგაზრდა მეღვინე, გიორგი ღვარძელაშვილი, რომელსაც ვენახი და მარანი თელავის ულამაზეს სოფელ კონდოლში აქვს გაშენებული. ამჟამად გიორგი სამი დასახელების ღვინოს აწარმოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მის მიერ იშვიათი, კახური ვაზის ჯიშისგან "ჟღიასგან" ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელიც ღვინის მოყვარულებს ძალიან მოსწონთ და უყვართ. როგორც ცნობილია, ჟღიას ამჟამად სულ რამდენიმე მცირე მარანი აწარმოებს.

allwine.ge-სთან საუბარში გიორგი ღვარძელაშვილი ამბობს, რომ მისთვის ნატურალური ღვინის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ნამდვილი ქართული ღვინო სწორედ ნატურალური, ქვევრში დაყენებული ღვინოა.

გიორგი ღვარძელაშვილი, მევენახე-მეღვინე: "არც ისე დიდი ხანია, რაც ჩემი ღვინის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა გადავწყვიტე. პირველად, 2014 წელს ჩამოვასხი ღვინო ბოთლებში. ამ ნაბიჯის გადადგმა დიდიხანია მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ დავიწყე. ამ ნაბიჯით ჩემი პაპის დანაბარების ასრულება მინდოდა.

- თქვენს სოფელ კონდოლზე რას გვეტყვით?

- სოფელი კონდოლი, სადაც მარანი და ვენახი მაქვს, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მეტრი. კონდოლელების შემოსავლის წყარო ოდითგანვე მევენახეობა იყო. კონდოლის ღვინოს ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში“ (1742 წ.) ასე აღწერს „ღვინო კეთილი, კონდოლისა წარჩინებული".

- ღვინის დაყენებაში და ვენახის მოვლაში თქვენი ოჯახი გეხმარებათ?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ოჯახი ვართ ჩაფლული ამ საქმეში. ჩამოსხმიდან ეტიკეტების დაკვრით დამთავრებული, მთელი ოჯახი ყველა საქმეს ერთად ვაკეთებთ. დეგუსტაციაში ჩემი ბიჭებიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას და მინდა გითხრათ, რომ კარგადაც აფასებენ ღვინოს.

- გვითხარით, რომელ ღვინოებს აწარმობთ და რა რაოდენობით?

- 2014 წელს 1200 ცალი ბოთლი საფერავი მქონდა, მშრალი. შემდეგი წლების განმავლობაში დავამატე „კონდოლური“ (რქაწითელი 60%, მწვანე 40%), ჟღია და საფერავი - ბუდეშური.

- თქვენი აზრით რითაა გამორჩეული ქართული ქვევრი და ქვევრის ღვინო?

- ქვევრი ღვინოს უფრო აკეთილშობილებს და უფრო სხეულიანს ხდის ღვინოს. რაც უფრო დიდხანსაა ქვევრში ღვინო, მით უფრო ხარისხიანი და გემრიელი დგება.

-  რამდენი მოქმედი ქვევრია ამჯამად თქვენს მარანში?

- ამჟამად 6 მოქმედი ქვევრი მაქვს, სადაც ჩემს ღვინოებს ვაყენებ. თუმცა, ახლა მარანში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ვგეგმავ ქვევრების რაოდენობის გაზრდას.

- თქვენი ხედვით რა არის ნატურალური ღვინო და რითია ის გამორჩეული?

- მე ვიცი, რომ "ნატურალურ" ღვინოებს უწოდებდნენ ისეთ ღვინოებს, რომელთა ალკოჰოლიც ყურძნის შაქრისაგან დადუღებით მიიღებოდა და არა სპირტის დამატებით, მაგალითად შემაგრებულ ღვინოებში.

"ნატურალური ღვინოების" დამზადებისას არ გამოიყენება თითქმის არავითარი ტექნოლოგიური ოპერაცია. გოგირდოვან ანჰიდრიდს ძალიან მცირედ ან სულ არ იყენებენ, ისე რომ საბოლოოდ ღვინოში მისი შემცველობა ფაქტობრივად ნულს უტოლდება. ღვინოს არ ამუშავებენ და არც ფილტრავენ. ამგვარი ღვინოები საკმაოდ განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინისაგან და მომხმარებელიც საკმაოდ განსხვავები ჰყავს.

- თქვენი აზრით იზრდება თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და ამ კუთხით რას ურჩევდით თქვენს ახალბედა კოლეგებს - დამწყებ მეღვინეებს?

- დიახ, ქართული ღვინის ხარისხი ნამდვილად გაიზარდა. იმიტომ რომ, გაიზარდა კონკურენცია და ხარისხიანი ღვინის მოხმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მგონია! დამწყებ მეღვინეებს კი მოთმინებას ურჩევ, რადგან შედეგს 3-4 წელიწადში იღებ, შვილივით ნაფერებ ვენახიდან და მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა.

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: "შავკაპიტოს ვენახი" კონფლიქტის მოსაზღვრე სოფლიდან - გაიცანით, ახალგაზრდა მეღვინე რომელმაც ვაზი სოფლის დასახმარებლად გააშენა

 

 

 

პოპულარული ღვინოები

19.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

34.95
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი