რომელ საღვინე ჭურჭელს იყენებდნენ ძველ საქართველოში და როდის შემოვიდა მუხის კასრები

27 დეკემბერი, 2016წ

გაზიარება

რომელ საღვინე ჭურჭელს იყენებდნენ ძველ საქართველოში და როდის შემოვიდა მუხის კასრები

რომელ საღვინე ჭურჭელს იყენებდნენ ძველ საქართველოში და როდის შემოვიდა მუხის კასრები

კარგი ღვინის დაყენება სწორად შერჩეული და ხარისხიანი საღვინე ჭურჭლის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა ისეთი ძველი საღვინე ჭურჭელი, როგორიცაა: ტიკი, რუმბი, ქვევრი, კასრი და სხვა. თუმცა, როდესაც მინის ჭურჭელი შემოვიდა, ძველი საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიცია თანდათან მოიშალა და ბევრი ადამიანის ხსოვნაში მხოლოდ ადრეულ ლექსებსა და მოთხრობებში შემორჩა.

საღვინე ტიკს ძველ საქართველოში ამზადებდნენ ხარის, თხის, ან კამეჩის ტყავისგან, რომელსაც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული ღვინის ჩამოსასხმელი. იტევდა 4-5 ფუთ ღვინოს ან წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. ღვინოს ტიკში პირიდან ასხამდნენ, იქიდან ჩამოსხმა კი "სახელოდან" ხდებოდა. 1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში დიდი ტიკები ხის კასრებით შეცვალა. კასრებით წყლის ან ღვინის მზიდავს კი მაინც თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტიკი თავისი არსით იყო წყლის გადასაზიდი და არა შესანახი ჭურჭელი. ერთ კვირაზე მეტ ხანს ტიკში გაჩერებული ღვინო კარგავდა თავის საუკეთესო თვისებებს და დაძმარებას იწყებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტიკებს შიგნიდან შავი გუდრონით (იგივე ფისით) გლისავდნენ. ამიტომ, კარგი მეღვინე ტიკში ღვინოს 1-2 დღეზე მეტ ხანს არასოდეს აჩერებდა - ან ქვევრში ასხამდა, ან კასრში, ანაც რუმბში.

საღვინე ტიკი

რაკი რუმბი ვახსენეთ, ბარემ კიდეც დავახასიათოთ, ეს უფორმო, უზარმაზარი ჭურჭელი. რუმბი იყო მრავალნაირი და ბევრნაირი დანიშნულების. რუმბი კეთდებოდა: სპილენძისაგან, კამეჩის ტყავისგან ან ალუმინისგან. თბილისში ყევლაზე დიდი რუმბები სომხებს ჰქონდათ, რომლებიც შემოდგომაზე ნაყიდ ღვინოს ინახავდნენ და გაზაფხულზე და ზაფხულში კარგ ფასად ყიდდნენ. არსებობდა ერთტონიანი, ორტონიანი და ხშირად სამტონიანი რუმბებიც კი. ასეთ ჭურჭელს გადასატანად ხარ-კამეჩები სჭირდებოდა. რუმბების ფორმებიც განსხვავებული იყო. არსებობდა დიდმუცელა, ვიწროყელიანი რომბები, რომელსაც თავზე სველი თიხით შელესილ ხეს აფარებდნენ. ასევე იყო მოგრძო დიდყელიანი რუმბებიც. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუმბებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე კარგად სპარსელი ხელოსნები აკეთებდნენ. მოგეხსნებათ, სპარსელებს ღვინის დალევას რელიგია უკრძალავთ, მაგრამ როგორც ჩანს, თბილისელი სპარსელები განსაკუთრებულად ღრმადმორწმუნე მუსლიმანები არ იყვნენ.

ტიკები და რუმბები ურმებით გადაჰქონდათ

კასრი, მარცვლეულისა და ღვინის საწყაო ჭურჭელი იყო ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეების იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კახეთში. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში ღვინის ჭურჭელთან ერთად, კასრი იყო მარცვლეულის საწყაო (ასაწონი) ერთეული და კოდის 1/2 ან 16,5-ს (17 კგ) უდრიდა. ხოლო დასავლეთ საქართველოში ღვინის საწყაო კასრი - საშუალოდ 46 ლიტრის მოცულობისა იყო. კასრი კეთდებოდა: მუხის, ნაძვისა და კოპიტის ხისაგან, თუმცა სხვა ჯიშის ხეებსაც ხშირად იყენებდნენ. მაგალითად, მე 18-ე საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში აღწერილია ამბავი, როგორ დაუგორდათ გორში ვაჭრებს მთიდან კაკლის ხის კასრები და რომ ამ კასრებმა რამდენიმე სახლიც დააზიანა. ვაჭრები პატიოსანი ხალხი გამოდგნენ და დაზიანებული სახლის პატრონებს უნებლიედ მიყენებული ზარალი აუნაზღაურეს.

კასრებს საქართველოში ძველ დროშიც იყენებდნენ

ჩვენ შეგნებულად არ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ ქართულ ღვინის ჭურჭელზე - ქვევრი სრულიად გამორჩეული და ორიგინალური ფენომენია.