8 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ქვევრი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიცია - გაიცანით ქვევრის თანამედროვე ოსტატები

12 აპრილი, 2018წ

გაზიარება

8 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ქვევრი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიცია - გაიცანით ქვევრის თანამედროვე ოსტატები

8 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ქვევრი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიცია - გაიცანით ქვევრის თანამედროვე ოსტატები

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მამა-შვილი, ზაზა და რემი კბილაშვილები მეთუნეობით, ანუ თიხის დამუშავების, წინაპრებისგან მიღებული ცოდნითა და გამოყენებით არიან ცნობილები. კბილაშვილების მიერ გაკეთებულ ქვევრებს დღეს ბევრ დიდ თუ მცირე მარანში შეხვდებით. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება კახეთში მექვევრეობის უძველესი ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და გაგრძელება.

მექვევრე ზაზა კბილაშვილი ALLWINE.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მექვევრეობა ურთულესი საქმეა და ამ ხელობას ადამიანი მარტივად ვერ ისწავლის. მისი აზრით, ღვინის ხარისხი ქვევრსა და ყურნის ხარისხის ერთობლიობაზეა დამოკიდებული.

ზაზა კბილაშვილი, მეთუნე: "ჩვენ ეს ხელობა თაობიდან-თაობაზე გადმოგვეცემა. მე უკვე მეოთხე თაობა ვარ, ვინც ამ ტრადიციებს ვატარებ. 8 წლის ვიყავი პირველად პატარა ქვევრი რომ გავაკეთე. ასაკის მატებასთან ერთად, მით უფრო ვზრდიდი ქვევრებს. მყავს ორი ბიჭია და უკვე იციან ეს ხელობა.

- ბოლო წლებში გაიზარდა თუ არა ქვევრებზე მოთხოვნა და აქვე გვითხარით, ძირითადი ვინ არის მისი მყიდველი?

- რა თქმა უნდა ჩვენს ქვევრებზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს, პირველ რიგში ქართული ნატურალური ღვინით დაინეტერესების პარალელურად ხდება და ქვევრის ღვინის ხარისხი უკვე ბევრმა ადამიანმა გაიგო.

- დაახლოებით რამდენ და რა მოცულობის ქვევრებს აწარმოებთ?

- ქვევრში ღვინო ჩვენს წინ იბადება და მე ვგრძნობ, რომ ქვევრში რაღაც ზებუნებრივი ძალაა. სულ დიდი ქვევრი, რომელიც გამიკეთებია, ორტონიანი იყო. თვითონ ქვევრი ადვილი გასაკეთებელი არაა, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ქვევრის ოსტატი უცბად ვერ გახდება ადამიანი. ძველად, ქვევრის გაკეთების სწავლა თუ ვინმეს უნდოდა, ოსტატი მას ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ თიხასთან ამუშავებდა, თიხას აჩვევდა. ასწავლიდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქვევრის დასამზადებელი თიხა. ხოლო ხუთი წლის შემდეგ, ოსტატი უკვე ქვევრთან ახლოს უშვებდა და უშუალოდ ქვევრის ამოყვანასაც ასწავლიდა. თუკი მოსწავლე შეძლებდა და ისწავლიდა, თუ არადა უშვებდა.

- რას ურჩევთ დამწყებ მეთუნეებსა და მექვევრეებს?

- დამწყებ მექვევრეებს ვურჩევ, რომ ჯერ თიხა კარგად შეისწავლონ და  მერე აკეთონ ქვევრები. ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა.

- დაბოლოს, გვითხარით თქვენ თუ აყენებთ ღვინოს თქვენ მიერ დამზადებულ ქვევრებში?

 - ჩვენი ოჯახი ქვევრში ღვინოს ოდითგანვე აყენებდა. მეც ვაყენებ ღვინოს ქვევრში და ვფიქრობ, ეს არცთუ ცუდად გამომდის. შარშან საზოგადოებას ჩემი ღვინო წარვუდგინე და მიხარია, რომ მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მივიღე გადაწყვეტილება და სულ მალე დავიწყებ ჩამოსხმას და რეალიზაციას. ვენახი - ღვინო - ქვევრი - ეს ხომ ერთი დიდი ჯაჭვია!

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: ვახუშტი მენაბდის "ჩხავერი ჭურში" - რა ტექნოლოგიებით აყენებს ღვინოს ცნობილი კონსტიტუციონალისტი