"ღვინის და რაჭის სიყვარულმა გადამაწყვეტინა დამეწყო საკუთარი ღვინის წარმოება"

04 აპრილი, 2018წ

გაზიარება

"ღვინის და რაჭის სიყვარულმა გადამაწყვეტინა დამეწყო საკუთარი ღვინის წარმოება"

"ღვინის და რაჭის სიყვარულმა გადამაწყვეტინა დამეწყო საკუთარი ღვინის წარმოება"

რაჭაში, ამბროლაურის მუნციპალიტეტის სოფელ "მეორე ტოლაში", ახალგაზრდა მეღვინემ, დავით ლომთაძემ ცოტა ხნის წინ ქვევრში, ძველი რაჭული მეღვინეობის წესების სრული დაცვით, ცოლიკოურისგან და ძველი რაჭული ვაზის ჯიშისგან "თეთრასგან" ღვინო დააყენა. მან არ გაითვალისწინა რაჭაში, ბოლო წლებში, ფესვგადგმული ტრადიცია და "თეთრასგან" არა ნახევრად ტკბილი, არამედ ბოლომდე მშრალი ღვინო დააყენა. "ვინიფერას" ბრენდით ბოთლშიც ჩამოასხა და ღვინის მოყვარულების სასიამოვნოდ გაკვირვებაც შეძლო.

დავით ლომთაძის ამ წამოწყებას ბევრი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა თავად მევენახე-მეღვინე ფიქრობს, რომ მშობლიურ ფესვებთან დაბრუნებითა და ძველი რაჭული ღვინოების ტრადიციის გაცოცხლებით შექმნილი ღვინო სწორედ ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ღვინის მოყვარულებსაც დააინტერესებს. მოახლოვებულია ის დროც, როდესაც რაჭული ღვინო თავის კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.

დავით ლომთაძე, მევენახე-მეღვინე: "ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ რაჭულ ყურძნის ჯიშებსა და ღვინოს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ქართულ ბაზარზე ჩანს. ღვინის და რაჭის სიყვარულმა გადამაწყვეტინა საკუთარი ღვინის წარმოება დამეწყო. 2016 წელს პირველი მოსავალი მივიღე და 2017-ში პირველად ჩამოვასხი ბოთლებში "რაჭული თეთრა" და "ცოლიკაური".

–  გვიამბეთ თქვენს შესახებ. მეღვინეობაში მთელი ოჯახით ხართ ჩართული?

–  ჩემს ამ წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ვერავის წარმოედგინა, რომ ვენახის მოვლას, ღვინის დაყენებას და თბილისში მუშაობას პარალელურ რეჟიმში შევძლებდი. ღვინომ და რაჭამ ახალი და საინტერესო ეტაპი შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში. თავიდან მართლა გაგვიჭირდა, პრაქტიკულად ყოველ უქმეებზე რაჭაში გავრბოდით - ახლა უფრო სისტემურად ავეწყვეთ და ყველაფერს ვასწრებთ. სამი ქალიშვილი გვყავს და ვცდილობთ, ამ საქმის სიყვარული და ენთუზიაზმი მათაც გადავდოთ. უფროსი, დეა 17 წლისაა და აქტიურად ჩაერთო ღვინის წარმოების პროცესშიც, პატარებს კი ჯერ მხოლოდ პროცესი ახალისებთ.

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ. სად მდებარეობს და რა ცვლილებები შეიტანეთ მასში?

  ჩემი მარანი ამბროლაურის რაიონის სოფელ "მეორე ტოლაში", ხვანჭკარის მიკროზონაში მდებარეობს. მარანში ძველი ქვევრები მქონდა, ძალიან ვეცადე აღმედგინა და სასურველ კონდიციამდე მიმეყვანა. სამწუხაროდ, წლობით გამოუყენებელი ქვევრების აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალი ქვევრების ჩალაგება მომიწია. ასევე მქონდა უძველესი, თხილის ხისგან დამზადებული 1 ტონიანი საწნახელი, რომელიც სამუზეომო ექსპონატად იქცა და თანამედროვე, კლერტგამცლელმა საწურმა ჩაანაცვლა.

–  რამხელა ვენახს ფლობთ. სად მდებარეობს ვენახი და სამომავლოდ, თუ აპირებთ მის გაზრდას?

ჩემი ვენახი სოფელ "მეორე ტოლაში", ბახტრეულის ფერდობზე მდებარეობს. იდეალური ადგილია და მიკროზონაში გამორჩეული  ტერუარია. ამ ფერდობზე მაქვს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აქედან 2500 კვ.მ-ზე გაშენებულია ალექსანდრეული, მუჯურეთული, რაჭული თეთრა და კაბისტონი. ვგეგმავ მთლიანი ფართის ათვისებას, ასევე უძველესი რაჭული ჯიშების აღდგენასაც.

კონკრეტულად თქვენს ღვინოებზე რას გვეტყვით, როგორ და რაში აყენებთ?

ვინიფერას "რაჭული თეთრა" და "ცოლიკაური" ქვევრებში იწურება. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ ქვევრი ილუქება 3 თვის განმავლობაში, სრულ ჭაჭაზე. მიუხედავად იმისა, რომ რაჭული "თეთრა" რეგიონში ძირითადად ნახევრად ტკბილი იწარმოება, მე ჯერჯერობით მხოლოდ მშრალ ღვინოს ვაწარმოებ.

გვითხარით, რითაა გამორჩეული რაჭული მეღვინეობა?

რაჭული ღვინის უნიკალურობას კლიმატის, ტერუარებისა და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ერთობლიობა ქმნის. ფერდობებზე, განსაკუთრებით კი მიკროზონებში, ჩრდილოეთ ფერდობების სამხრეთ ექსპოზიციაზე გაშენებული ვენახები განსაკუთრებულ ყურძენს იძლევა. იშვიათი ჯიშები და მცირემიწიანობა - ეს ის დეტალებია,რომელიც რაჭულ ღვინოს უნიკალურს ხდის.

–  რას გვეტყვით ზოგადად ქვევრზე და ქვევრის ღვინის ფენომენზე?

კარგი თიხისგან დამზადებული და კარგად გამომწვარი ქვევრი საუკეთესოა, როგორც ღვინის დასადუღებლად, ასევე დასავარგებლად. ქვევრში ღვინის დავარგების დროს მიკრო ოქსიდაცია ხდება, რაც ძალიან კარგია ღვინის შემდგომი დავარგებისთვის. ქვევრში დავარგებული ღვინო კი ნამდვილად უნიკალურია და გამოირჩევა სხვა ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინოებისგან. ქვევრის მოვლა დიდ შრომას, ენერგიასა და სიყვარულს მოითხოვს, მისი სისუფთავე განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. ამ მიმართულებით არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, ქვევრი უნდა იყოს იდეალურად სუფთა და თავისუფალი ყველანაირი ბაქტერიებისგან. ნებისმიერი შეცდომა ღვინის ხარისხზე ავტომატურად აისახება და მთელი შრომა წყალში ჩაიყრება. ქვევრი შეცდომას არ გპატიობს. ასე რომ, ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალურია, თუმცა დიდ შრომას და ადამიანურ რესურს მოითხოვს.

დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ მევენახეებსა და მეღვინეებს?

მთავარი არის მოტივაცია და სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებ. თუ ამ ყველაფერს ცოდნას და მონდომებას დაუმატებ, შედეგი ყოველთვის იქნება წარმატებული.

წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი ფერმერის მუდმივი განვითარებაა. მეტი ინფორმაცია, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა, გამოცდილების მიღებისა და გაზიარების სურვილი. ქართველებს გვიყვარს სწრაფ შედეგზე ორიენტირება. წარმატება მარტივად და შრომის გარეშე არ მოდის. შესაძლოა დროში გაიწელოს და ამან პესიმისტური განწყობებიც მოიტანოს.

მეც მქონია მსგავსი პერიოდები, არ დავმალავ, თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც შედეგი, რომელზეც მარტივად ვერ იტყვი უარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიდან გიღვივებენ მოტივაციას, ერთგვარად შენი დაწყებული საქმის ტყვე ხარ და აქედან გამომდინარე, უფლება არ გაქვს უკან დაიხიო. სწორედ ამიტომ მეტი შრომა, მეტი სწავლა და მეტი განვითარება და შედეგიც აუცილებლად იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: ზურა ხვთისიაშვილი: "ვენახი თავისი ყველა დეტალით მიყვარს. სიცოცხლის და ცხოვრების გზას ვადარებ"

 

 

 

 

 


 

 


 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

37.94
აის ვაინი სატრაპეზო

აის ვაინი სატრაპეზო

169
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

19.95
რქაწითელის ჭაჭა

რქაწითელის ჭაჭა