საოჯახო მარანი, რომლის ტრადიცია XII-ე საუკუნიდან იწყება და დღესაც გრძელდება

15 მარტი, 2018წ

გაზიარება

საოჯახო მარანი, რომლის ტრადიცია XII-ე საუკუნიდან იწყება და დღესაც გრძელდება

საოჯახო მარანი, რომლის ტრადიცია XII-ე საუკუნიდან იწყება და დღესაც გრძელდება

თუკი გურჯაანში სოფელ კაჭრეთთან გაივლით, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში პროექტ “ღვინის გზის“ მიერ გაკეთებული აბრა მინიშნებით: “ვაჟა გეთიაშვილის მარანი“. ვაჟა გეთიაშვილი ერთ-ერთი იშვიათი გლეხური მარნის მფლობელია, რომელიც პროფესიითაც მეღვინეა და შვილებთან ერთად უკვე ათწლეულებია რაც ვენახის მოვლას და ხარისხოვანი ღვინის დაყენებას ეწევა. თუმცა, ღვინის ბოთლში წარმოება სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა და ვენახიც მთლიანად ნატურალურ მეღვინეობას მოარგო, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარყო სისტემური პრეპარატები, ნიადაგს არ ამუშავებს მძიმე ქიმიური წამლებით და ღვინოშიც არანაირ დამატებებს, მინარევებს და ფილტრებს არ ხმარობს.

როგორც ამ მცირე მარნის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი ამბობს, “ვაჟა გეთიაშვილის მარანმა“ სულ ცოტა ხნის წინ, ახალი, ქვევრებით გაწყობილი მარანი და ღვინის სათავსოც ააშენა და მომავალში ფიქრობენ, რომ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ღვინის მოყვარულებს უმასპინძლებენ. ასევე გადაწყვეტილი აქვთ მათ მიერ წარმოებული ბოთლის რქაწითელი-მწავანეს კუპაჟური ღვინო (შემდგომში უკვე საფერავიც) ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უცხოეთის ღვინის ბაზარზე გაიტანონ.  

რეზო გეთიაშვილი, “ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ წარმომადგენელი: “2010 წელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში გაერომ „ღვინის სახლის“ პროექტი დააფინანსა, რომელსაც ადგილობრივი მევენახეები „დაბოთვლაზე“ უნდა დაეფიქრებინა. პროექტი გულისხ მობდა თანამონაწილეობას პირველი პარტიის ჩამოსხმაში. მასში ასევე შედიოდა ზედამხედველობა და ინსტრუქტაჟი ოჯახში ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე, რომელსაც მეღვინეობის ექსპერტები ახორციელებდნენ. სწორედ აქ წარმოიშვა კლასიკური ფილოსოფიური დაპირისპირება მეღვინეობის ორ ფრთას შორის: ნატურალური და ტექნოლოგიური? საბოლოოდ, ღვინის ტექნოლოგების ინსტუქციებზე უარი ვთქვით და ოჯახის ტრადიცია გავაგრძელეთ. ბიო - მეუნეობის იდეაც სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა. ასე რომ, ერთმა კარგმა პროექტმა ორი შედეგი მოგვიტანა: საოჯახო მარნის ღვინო „განსხვავებულიც“ შექმნა და ეს ღვინო რამდენიმე წელიწადში ბიოღვინოდაც აქცია.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. როგორც ჩანს მეღვინეობა თქვენი ოჯახის ტრადიციული საქმეა?

– საოჯახო მეურნეობას ხელმძღვანელობს ვაჟა გეთიაშვილი, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, აქვს აკადემიური განათლება, მეღვინეობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი ამავე სფეროში, სტაჟირება გერმანიაში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პრაქტიკა.

თუმცა, გენდერული დისბალანსი ჩვენთან უფრო ქალების მხარეზეა და საკვანძო როლს მარანში დედაჩემი, ჩემი დები და დისშვილი ასრულებენ. სწორედ ჩემი უმცროსი დის დამსახურებაა, რომ წელს საოჯახო მარნების ბაზარზე „განსხვავებულთან“ ერთად „ჩემიანიც“ გამოჩნდება. ვფიქრობ, ეს ღვინო და გვერდიგვერდ ჩალაგებული ძველი და ახალი ქვევრები, იმ ოჯახთან გაგვაერთიანებს, რომელიც ზუსტად იგივე მარანში ყურძენს ათასი წლის წინ წურავდა. ასე რომ, „ჩემიანზე“ შეიძლება წარწერა გაკეთდეს: „საოჯახო მარანი, ტრადიცია XII-ე საუკუნიდან“.

 რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინოები?

– „ვაჟა გეთიაშვილის მარანში“ იწარმოება თეთრი მშრალი „განსხვავებული“ (რქაწითელი – 80%, კახური მწვანე – 20%) და წითელი მშრალი „შენიანი“ (საფერავი). ღვინოების დახასიათება ასე შეიძლება: ყურძენი მოყვანილია კაჭრეთის ზონაში, რომელიც გამოირჩევა კახეთის სამივე წამყვანი ჯიშის – რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის საუკეთესო ხარისხით და სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმში.

მეექვსე წელია, ვენახის სამუშაოები ხორციელდება ბიოლოგიური მეურნეობის წესების მკაცრი დაცვით. ღვინო მზადდება ნატურალურად, ხელოვნული ჩარევის გარეშე. წარმოებაში გამოიყენება ტრადიციული კახური მეთოდი – სექტემბერში დაწურული ღვინო ჭაჭიდან მარტში იხსნება.

– გაგვიზიარეთ მარანში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეები და აქვე, მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებაც?

2016 წლიდან საოჯახო მარანი მონაწილეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს პროგრამაში ”ღვინის გზა”. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტრაფარეტების დამონტაჟების შემდეგ, დეგუსტაციისთვის თვეში 5-10 ტურისტული ჯგუფი გვსტუმრობს. 2017 წელს, „აწარმოე საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, მარანი აღიჭურვა წარმოების თანამედროვე დანადგარებით, ასევე ჩაიყარა ქვევრები. დაწურვა, დაღვინება და დავარგება ხდება უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. გასული წლის მოსავლიდან მას უკვე ემატება ქვევრები.

გასულ წელს ქვევრების ჩაყრა მშვენიერ აღმოჩენად გვექცა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ქვევრებისთის მიწას ვიღებდით, მარანი დაგვხვდა. ქვევრები იყო ვერტიკალურ მდგომარეობაში, მიწის ზედაპირიდან ნახევარი მეტრის სიღრმეზე (ქვევრის ყელები); ერთი, საწური ქვევრი, დაახლოებით ტონიანი და რამდენიმე, შედარებით მცირე, სხვადასხვა მოცულობის, ყველა – ბრტყელძირიანი. არქეოლოგებმა ქვევრები X-XII საუკუნეებით დაათარიღეს. სავარაუდოდ, მარანი შეძლებულ გლეხს ეკუთვნოდა (ამას ქვევრების განლაგებით ადგენენ). ოჯახს საკმაოდ დიდი ვენახი უნდა ჰქონოდა.

ქვევრები კარის მეზობელმაც იპოვა. ასიოდე მეტრში წვიმამ გზა გადარეცხა და იქაც ქვევრი აღმოჩნდა. მეღვინეობის ისტორია თითქმის ყველა სოფელს აქვს. თუმცა, აქ ჩანს მეღვინეობის საკმაოდ დიდი კერა, სადაც ეს დარგი ყველა სხვა დარგზე დომინირებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვევრი იყო ჩამტვრეული და აკლდა ყელის ფრაგმენტების ძირითადი ნაწილი.

– რით არის გამორჩეული სოფელ "კაჭრეთის" მევენახეობა-მეღვინეობა?

ამ ადგილას დასახლება გასული საუკუნის 40–იან წლებში ჩნდება. მანამდე აქ იყო სახნავი მიწა. ქვევრები შეიძლება კოლმეურნეობის აგროტექნიკამ დააზიანა და ნამსხვრევებიც გადაადგილა. უფრო საინტერესო ისაა, რომ სახნავისთვის ახო გაჭრეს და კიდევ ერთი თაობით ადრე, დაახლოებით 100 წლის წინ, აქ მრავალწლოვანი ტყე იყო. ეს ამბავი მამაჩემმა უფროს ხალხის მონათხრობიდან იცის, როცა მისი ოჯახი აქ ჩამოასახლეს. ტყე უკვე იმას ნიშნავს, რომ სოფელი ოდესღაც მთლიანად გაქრა და ბოლო რამდენიმე საუკუნე აქ აღარავის უცხოვრია, მანამდე კი შეიძლება სხვა სახელიც რქმეოდა. თვითონ სიტყვა „კაჭარი“, საბას ლექსიკონით, უწყლო ადგილზე რიყის მსგავს ქვას ნიშნავს და ადგილის სახელად უფრო გამოდგება, ვიდრე სოფლის.

მეოცე საუკუნეში აქ ხალხი მთის ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოასახლეს და საბჭოთა ინდუსტრიული მეურნეობა განვითარდა, სადაც წელიწადში 25 ათასი ტონა ყურენი „მზადდებოდა“. ამან კაჭრეთი ზონას თავისი დაღი დაასვა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილი აღმოჩენების დრო სწორედ ახლა იწყება და მზად უნდა ვიყოთ ახალი ზონების აღიარებისთვის. მეათე - მეტორმეტე საუკუნეებში შეძლებული გლეხების მიერ ტონიანი ქვევრების გავსება უფრო სოლიდური ინდიკატორია, ვიდრე საბჭოთა მეღვინეობის თუნდაც საერთაშორისო მნიშვნელობის ბრენდები. თუმცა, ბუნებრივია, არც ამ ღვინოების მნიშვნელობას არ ვაკნინებ. საბოლოო სიტყვას მაინც თვითონ ღვინო ამბობს და ყველას ვურჩევ, კაჭრეთის ღვინოები გასინჯოს.

– როგორც ყველა კახელი, ქვევრის განსაკუთრებულობას ალბათ თქვენც აღიარებთ?

ქვევრის მნიშვნელობას მარტივად ასე ავხსნი. ქვეყანაში, სადაც ეს უანალოგო ჭურჭელი და ღვინის დამზადების ტექნოლოგიაა, მეღვინის სტატუსი დიპლომით კი არა, მემკვიდრეობით გადაიცემა. აკადემიური განათლება ამ დარგში არც მე მიმიღია, მაგრამ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ საუკეთესო ღვინო ვაწარმოო. შესაბამისად, ქვევრს იმ რეესტრში შევიყვანდი, რაც ქართულ ღვინოს სჭირდება: ვაზის ჯიშები, კლიმატი, მიწა და ქვევრი. ქვევრის გარეშე, ამ ყველაფერს ერთი კომპონენტი აკლია და მისი დამატებით უკვე საუკეთესო შედეგი უნდა მიიღო.

– დაბოლოს, როგორ უნდა მივიდეს ადამინი ღვინომდე და რა არის საჭირო მეღვინეობის დასაწყებად?

პირველი, რასაც მამაჩემი მირჩევს ხოლმე - ვიკითხო წიგნები; და მეორე, რასაც მე ვპასუხობ მამაჩემს: ტრადიციასაც მივყვე, ჩვენ ხომ მეღვინის სტატუსი მემკვიდრეობით გვერგო.

ლევან სეფისკვერაძე

 

 

 

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

18.2
ქისი რქაწითელი

ქისი რქაწითელი

29.95
საფერავი-კაბერნე სოვინიონი

საფერავი-კაბერნე სოვინიონი

წითელი მშრალი

18.39
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი