რა შედეგები აჩვენა ფრანგული ღვინის დეგუსტაციამ თბილისში

13 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

რა შედეგები აჩვენა ფრანგული ღვინის დეგუსტაციამ თბილისში

რა შედეგები აჩვენა ფრანგული ღვინის დეგუსტაციამ თბილისში

ჰიპერმარკეტების გახსნის შემდეგ, თბილისში ფრანგული ღვინო უფრო ხელმისაწვდომია. მანამდე ფრანგული ღვინის შეძენა მხოლოდ რამდენიმე ბარში, რესტორანში და ღვინის სპეციალურ მაღაზიაში იყო შესაძლებელი. დღეს შესაძლებელია ფრანგული ღვინის როგორც მასობრივი წარმოების იაფფასიანი, ისე საშუალო საფასო სეგმენტის შეძენა.

თბილისში უკვე საფრანგეთის ყველა ძირითადი ღვინის მწარმოებელი რეგიონია წარმოდგენილი. მაგალითად: ბორდო, ბურგუნდია, ელზასი, ლუარა, რონი...

სხვადასხვა მოსავლის თეთრ, წითელ და ვარდისფერ ფრანგულ ღვინოებს შეგიძლიათ ფრანგული სამზარეულოს ცნობილი დელიკატესები შეუხამოთ - ბაყაყის თათები, ლოკოკინები, ფუა-გრა... ასევე, სხვადასხვა სახეობის ფრანგული ყველი, ლორი, ძეხვეულობა...

თუკი, ქართველი ღვინის მოყვარულები მცირე ექსპერიმენტს ჩაატარებენ და 20 ლარამდე ღირებულების ქართულ-ფრანგული ღვინოების შედარებით დეგუსტაციას მოაწყობენ, მეტად საინტერესო შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ, სწორედ ამგვარი დეგუსტაცია ჩატარდა... ღვინის მოყვარულებმა თბილისში ერთმანეთთან დავაწყვილეთ ორ-ორი ნიმუში თეთრი, თითო-თითო ვარდისფერი (როზე), დანარჩენი კი წითელი ქართული და ფრანგული ღვინოები. დეგუსტაცია ფარულად ჩატარდა, რომელსაც თან კონკურსი ახლდა: ორ მონაწილეს, რომლებმაც ყველაზე მეტი ნიმუშის წარმომავლობა გამოიცნო, საჩუქრად ქართული ნატურალური ღვინის ნიმუშები შეხვდა.

ფაქტია, რომ ისევე როგორც ბევრ რამეს, მსოფლიოში გლობალიზაცია ღვინის წარმოებასაც დაეტყო. ინდუსტრიული ღვინოები ყველგან ერთნაირი დამხმარე საშუალებებით მუშავდება, რის გამოც მოყვარულ გურმანს მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. გლობალიზაციის ხელი განსაკუთრებით თეთრ ღვინოებს ეტყობა, რადგან წითელი ღვინოების „მოთვინიერება“ ცოტა უფრო ძნელია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ დეგუსტაციაზე უმეტესობამ მხოლოდ ვარდისფერი და წითელი ღვინოების წარმომავლობა გამოიცნო.

ყველაზე მაღალი შეფასება ორმა ღვინომ დაიმსახურა: ფრანგულმა Les Molinieres, Cotes du Rhone Villages, 2010 და ქართულმა „კორპორაცია ქინძმარაული“ „დურუჯის ველი / ყვარელი 2009“, ასევე გამოირჩა ქართული ღვინო: Chelti Estate Vineyards „საფერავი როზე, 2010“.

დაბოლოს, ღვინის მოყვარულებს გირჩევთ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ. 17-დან 50 ლარის ფარგლებში შეიძინეთ ფრანგული ყურძის ჯიშების - შარდონეს, მერლოსა და კაბერნესგან დამზადებული ღვინოები და შეადარეთ ქართული ღვინის კომპანიების მიერ დამზადებულ იგივე ყურძნის ღვინოებს.

ლევან სეფისკვერაძე

allwine.ge