ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა - გიორგი ალადაშვილის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა

01 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა - გიორგი ალადაშვილის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა

ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა - გიორგი ალადაშვილის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა

შპს ‘’Irricult“, რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. კომპანიის დამფუძენებლი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიურ მევენახეობას საქართველოში 2014 წლიდან  ეწევა. მეწარმე ვენახს შევიცარიაშიც უვლის და საქართველოშიც. გიორგი ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ვენახის 5 ჰექტრამდე გაზრდა.

კომპანიის საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ მეწარმე ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდებით ახდენს. ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლის, გამწევი ტექნიკის საქმეს კი ცხენი აკეთებს. მიღებულ მოსავალს მეწარმე ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს.

მეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს. როგორც გიორგი ალადაშვილი აცხადებს, მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ისწავლა. თუმცა ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, დღეს ეს მეთოდი თანამედროვე ინდუსტრიამ გადათელა. საქართველოში დაბრუნებულმა სოფელ რუისპირში წინაპრების დატოვებული მიწა დაამუშავა და ვენახი გააშენა.

"მიწა და ვაზი თუ არ იქნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად, ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე მომყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი. ბევრს ჰგონია, რომ თუ აგროქიმიკატებს არ შეიტანს მიწაზე, მოსავალს ვერ მიიღებს. მე მინდა დავამტკიცო ის, რომ ყოველგვარი წამლის გარეშე ბუნებრივი და ბიო-დანამატებით შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი. თუ მევენახე არ დააკვირდა ვენახში მიწის ტენიანობას, ვაზს და არ აქვს ყოველდღიური შეხება მასთან, აგროქიმიკატით 12- ჯერ მოწამვლით შედეგს ვერ მიიღებს“ - აცხადებს ალადაშვილი.

მისი ინფორმაციით, მეურნეობაში დაყენებულ ღვინოს ის შვეიცარიაში ბიო მაღაზიებში ყიდის. კომპანია ამ დროისთვის რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებს, აქედან კი, დაახლოებით 75 პროცენტი შვეიცარიაში იყიდება.

„წელს პირველად განხორციელდება ექსპორტი საფრანგეთშიც. მოლაპარაკებები შედგა, დეგუსტაციებიც ჩატარდა და უახლოს მომავალში ბიოღვინოს პარტიები საფრანგეთშიც გაიგზავნება. წელიწადში დაახლოებით 7 ათას ბოთლ ღვინოს ვაწარმოებ. ეს არის ბიოსერთიფიცირებული საფერავი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, შერეული ძველი ვენახებიდან, შემაგრებული ღვინო. ეს ყველაფერი ‘’ბიოვინიას“ ბრენდით იყიდება. ვაწარმოებ ასევე ჭაჭას. ჩემი ღვინო მინიმუმ 70 ევრო ღირს შვეიცარიაში“, - აცხადებს ალადაშვილი.

ახალგაზრდა მეწარმე გაყიდვების გააქტიურებას ქართულ ბაზარზეც გეგმავს. ეს კი როგორც ალადაშვილი აცხადებს, იქნება იმის მტკიცება, რომ საქართელოში საკმაოდ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება შესაძლებელია. ბიოღვინის უპირატესობას ახალგაზრდა მეწარმე ასე ხსნის - „ძალიან მარტივად აგიხსნით - მე შემოგთავზებთ აბებს მწვადის გემოთი და ნამდვილ მწვადს - რომელი უფრო გემრიელი იქნება? ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა“.

გიორგი ალადაშვილმა სამომავლო გეგმებზედაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ვენახთან ახლოს ღვინის ახალ მარანს აშენებს. მისი განმარტებით, საწარმო ნაწილია ‘’რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობისა’’, რომელიც ხორბლის ყანებს, კახური ღორების ფერმას და  ფუტკარსაც აერთიანებს. აქვე ამზადებენ ველური ხილის მურაბებს, ჩირებს და ჩურჩხელას.

ალადაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. რაც შეეხება ქვევრის ღვინოს, მას არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს. ასეთი ტიპის ღვინო მსოფლიოში საკმაოდ მოთხოვნადია.

„საქართველოში ბიოდინამიური ვენახების გაშენება და ბიოღვინის წარმოება უნდა დაიწყონ. აწარმოებენ ხარისხიანს, თუმცა, მსგავსი ხარისხის პროდუქტი მსოფლიოში ძალიან ბევრია. ჩვენი ძირითადი პლუსი ქვევრის ღვინოა. საქართველოში ეს მიმართულება უნდა განვითარდეს“, - აცხადებს ალადაშვილი.

ტექსტში გამოყენებულია მასალა პორტალიდან: travelingeorgia.ge