"ჩემთვის ქართული ხელოვნება და ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული"- ლაშა ღლონტი ღვინის კულტურაზე საუბრობს

24 იანვარი, 2018წ

გაზიარება

"ჩემთვის ქართული ხელოვნება და ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული"- ლაშა ღლონტი ღვინის კულტურაზე საუბრობს

"ჩემთვის ქართული ხელოვნება და ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული"- ლაშა ღლონტი ღვინის კულტურაზე საუბრობს

მის ცხოვრებაში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მართალია სითხეს დიდი რაოდენობით არ მოიხმარს, მაგრამ სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს ყოველდღიურად სვამს. რჩეული ქართული ღვინოებიდან ყველაზე მეტად ჩხავერი, რქაწითელი და საფერავი უყვარს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოებიდან კიდევ რამდენიმეს დაასახელებდა. ცდლობს, ქართულ სუფრაზე ხშირად არ ითამადოს. სუფრისთვის ”თავკაცობა” ყველაზე მეტად უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან უყვარს, რადგან უნდა ქართული სუფრის არსი სწორედ მათ გააგებინოს.

პროფესიით ექიმმა და მომღერალმა, ლაშა ღლონტმა ღვინის წარმოება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და მას გაზაფხულის ერთ-ერთი თვის სახელი, ”აპრილი” უწოდა. Allwine.ge ლაშა ღლონტს ”მაისურაძეების” მარანში ეწვია, სადაც ის თავის სიძესთან, თორნიკე მაისურაძესთან ერთად ქალაქში სოფლის გაცოცხლებას აპირებს.

”ჩემთვის ქართული ხლოვნება და ქართული ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩემი ჩართვა ღვინის წარმოების პროცესში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში ლოგიკურად მიმაჩნია. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ მე ამ საქმით” - ლაშა ღლონტი.

მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ ღვინისთვის შუა გაზაფხულის თვის სახელი, ”აპრილი” დაგერქმიათ და აქვე რომ გვითხრათ, თქვენთვის ”აპრილი” რას უკავშირდება?

ჩემს ერთ კომპოზიციას ბატონ მურმან ჯინორიასთან ერთად აპრილი ქვია. ასევე ჩემმა ქალიშვილმა არაჩვეულებრივი სიმღერა ”აპრილი” დაწერა და ყველაზე მთავარი, ჩემი შვილიშვილი აპრილის თვეში დაიბადა. ზოგადად, გაზაფხული ძალიან მიყვარს. ჩემთვის მარტი ადრეული გაზაფხულია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მაისი გვიანი. აპრილი კი ნამდვილი გაზაფხულია. ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ღვინისთვის ”აპრილი” დამერქმია.

რით არის ღვინო ”აპრილი” გამორჩეული და როგორ ახერხებს ის ერთხელ დაგემოვნების შემდეგ ღვინის მომხმარებელს თავი დაამახსოვროს?

აპრილი სამი სახეობის ღვინისაგან შედგება. ეს ღვინოებია - თავკვერი, საფერავი და კაბერნე. დასახელებიდან მიხვდებით, რომ ჩამოთვლილი ღვინოებიდან ორი ქართულია, ხოლო ”კაბერნე” ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ჯიშის ღვინოა.

ქართული და ევროპული ღვინოების კუპაჟი ძალიან საინტერესეოა. ღვინო ”აპრილი”- ეს არ არის ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო, თუმცა ის მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით არის დამზადებული და დასალევადაც ძალიან სასიამოვნოა.

ამ ყველაფრის ფონზე რომ გვითხრათ, ღვინოს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

ღვინოს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მართალია დიდი რაოდენობით ღვინოს არ მოვიხმარ, მაგრამ ყოველდღიურად სადილზე ერთი ჭიქას ვსვამ. ჩემთვის ფრანგებს ღვინის მოხმარების კარგი ტრადიცია აქვს. ისინი ერთ ჭიქა ღვინოს ყოველდღიურად სადილზე მიირთმევენ და ღვინის სმის კულტურასაც აფასებენ. როგორც ექიმმა მინდა გითხრათ, რომ მშრალი ტანინიანი ღვინო არაჩვეულებრივად მოქმედებს ქოლესტერინის დაგროვების წინააღმდეგ. ზოგადად, ღვინოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. სწორედ ამიტომ, ვთვლი რომ მისი მცირე რაოდენობით მოხმარა ორგანიზმისთვის აუცილებელია.

რადგან ღვინოზე ვსაუბრობთ, აქვე სუფრულ წესებსაც შევეხოთ. ქართული სუფრა თამადის გარეშე წარმოუდგენელია. მოგვიყევით, რამდენად ხშიად გიწევთ თამადობა?

მე წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილვიყავი ისეთი ქართული სუფრების თანამონაწილე, რომლებსაც არაჩვეულებრივი თამადები უძღვებოდნენ. ჩემი აზრით, თამადამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს სუფრის შემადგენლობა. მაგალითად, თამადამ უცხოელებთან სუფრა სხვა მიმართულებით უნდა წაიყვანოს. ვფიქრობ, როგორც ქართული სიმღერა, ასევე ქართული სუფრაც აკადემიაა და მასთან დაკავშირებული სუფრული წესები არავითარ შემთხვევაში არ არის ხელწამოსაკრავი. ვცდილობ, ქართულ სუფრაზე ხშირად არ ვითამადო. ისედაც, ხშირად რა მიწევს თამადობა. თამადობა მაშინ მიყვარს, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობ.

დაბოლოს, ლაშა ღლონტმა ჩვენთან საუბრისას სამომავლო გეგმებიც გაგვანდო. როგორც თვითონ ამბობს, ის თავის სიძესთან, თორნიკე მაისურძესთან ერთად ტურისტული კომპლექსის შექმნას აპირებს, სადაც ადგილობრივ და უცხოელ  სტუმრებს ქალაქიდან გაუსვლელად საშუალება ექნებათ იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ღლონტის თქმით, ტურისტულ კომპლექტში ქართულ სამზარეულოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სიმღერაც.

ნათია ჩაშინი

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

29.45
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი