"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

15 იანვარი, 2018წ

გაზიარება

"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ტრადიციებიდან ბევრი რამ შესაცვლელია ან საერთოდ დასავიწყებელი, ვინაიდან თანამედროვეობასთან არ არის შესაბამისობაში. ამ საკითხებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ.

სანამ კონკრეტულ ტრადიციებს შევეხებით, მანამდე იმაზე, თუ რა არის ზოგადად ტრადიცია, რაზეც ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება: "ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის მტკიცე წესები, შეხედულებები, გემოვნება, რომელიმე ეთნოსის ზნე, წეს-ჩვეულება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელიც მისი კულტურის მემკვიდრეობითობასა და ერთობას უზრუნველყოფს. ხალხები ერთმანეთისაგან არა მხოლოდ ენით, არამედ ტრადიციებით, ეთნიკური კულტურითაც განსხვავდებოდნენ და განსხვავდებიან".

ეთნოლოგის თქმით, ტრადიციას ევოლუციონისტებმა და მარქსისტებმა ტერმინი გადმონაშთი დაუპირისპირეს, რაშიც საზოგადოებისთვის შეუფერებელ წეს-ჩვეულებებს გულისხმობდნენ. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ტრადიციებს ანუ გადმონაშთებს ბოლშევიკებმა ბრძოლა გამოუცხადეს - განსაკუთრებით დაუნდობელნი იყვნენ რწმენის მიმართ. 1970-იან წლებში საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ხელახლა გამოუცხადა ბრძოლა ე.წ. მავნე ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რამაც უკუშედეგი გამოიღო და საზოგადოებისთვის მიუღებელი ბევრი ნოვაცია გაჩნდა. ტრადიციაზე, თუ ის ხალხისთვის მიუღებელია, საზოგადოებამ უნდა თქვას უარი.

"ქართველ ხალხს სრულად არ მოუტანია დღემდე ის წეს-ჩვეულებები, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა. იქმნებოდა ინოვაციებიც. ინოვაცია ესაა ეთნიკური კულტურის ახალი მოვლენა, რომელიც ეთნოსის განვითარების წინა სტადიაზე არ არსებობდა, მაგრამ გამოჩნდა შემდეგ და მისი ორგანული ნაწილი გახდა" - ამბობს როლანდ თოფჩიშვილი და მიიჩნევს, რომ ზოგიერთი რამ ქართველ ხალხს შესაცვლელი აქვს, გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის ეპოქა გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს, რაღაცები თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ მათი აკრძალვა ნეობოლშევიზმი იქნება. საბჭოთა პერიოდში ბევრი ტრადიცია შეირყვნა და მიუღებელი ნოვაცია გაჩნდა, რაც იმ სისტემისათვის ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაც იყო.

- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ქართული ტრადიციაა, თუ ტრადიციის დამახინჯება?
- ალკოჰოლიზმს, სასმელის განუზომელი რაოდენობით სმას, ტრადიციებთან არავითარი საერთო არა აქვს. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში სასმელს ზომიერად მიირთმევდნენ. ვის ეცალა მუდმივად ამისთვის? ლოთი და განუზომლად სმის მოყვარული ხალხი ასეთ სუფრულ სიმღერებს შექმნიდა? ტრადიციულად, ქართველებმა ჭამაც ზომიერი იცოდნენ. აკადემიკოსი გ. ჩიტაია აღნიშნავს: "ჭამის დროს ქართველები თავშეკავებულები არიან. ქართული ანდაზის მიხედვით "ვაჟკაცს უნდა შეეძლოს ცხრა სუფრის გამოცვლა და ისევ იყოს ჭამისაგან მოუყირჭებელიო" ან კიდევ "ჭამის შემდეგ ხილობაო, არის გვარიშვილობაო" და სხვ."

- ზოგჯერ თამადა სუფრასთან დიქტატორი ხდება, ე.წ. თამადობის ინსტიტუტზე რას იტყვით? რა ფორმით არსებობდა ის წარსულში?
- თამადის ინსტიტუტი ნამდვილად ქართული ტრადიციაა. თამადად ირჩევდნენ მჭერმეტყველ, პატივსაცემ და ასაკოვან ადამიანს. კარგი თამადის მოსმენას არაფერი სჯობდა. სუფრაზე უფროსები უმცროსებს ზრდიდნენ, კაცობის, პატიოსნების მაგალითებს აჩვენებდნენ. თამადა ხშირად იხსენებდა წარსულს, საგმირო ამბებს - ამით მტრის ხშირი თავდასხმების ეპოქაში თამადის მსმენელი ახალგაზრდები პატრიოტებად იზრდებოდნენ. უმცროსები უფროსებისადმი მოწიწებას სწავლობდნენ.

ქართული სუფრა ერთგვარი სპექტაკლიც იყო. კარგი თამადა მჭერმეტყველი, ენამახვილი და იმპროვიზატორიც გახლდათ. საქართველოში ვის როგორც შეეძლო, ისე და იმდენ ღვინოს მიირთმევდა. თამადა არასდროს არავის აძალებდა სასმელს. ვინც კარგი მსმელი იყო, ისინი უფრო დიდხანს რჩებოდნენ სუფრასთან და შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდეც სმაში. მაგრამ, ვიმეორებ, სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა და სახლში სხვისი მისაყვანი არ გამხდარიყო.

განაგრძეთ კითხვა

პოპულარული ღვინოები

12
წითელი ნახევრადტკბილი

წითელი ნახევრადტკბილი

ნახევრად ტკბილი

19.5
მწვანე ქვევრი

მწვანე ქვევრი

თეთრი მშრალი